საქართველოს ეკლესია
სამოციქულო ეკლესიაა. სამოციქულო ეკლესია მას იმიტომ ეწოდება, რომ საქართველოში ქრიატიანობა
პირველად თავად იესო ქრისტეს მოციქულებმა წმიდა ანდრია პირველწოდებულმა, წმიდა სვიმონ
კანანელმა და წმიდა მატათამ იქადაგეს.
წმიდა ანდრია პირველწოდებული
წმიდა ანდრია მოციქული, წმიდა პეტრე მოციქულის ძმა,
პირველი იყო, ვისაც უფალმა იესო ქრისტემ მოუწოდა. სწორედ ამიტომ ეწოდება მას პირველწოდებული.
იგი პირველი დაემოწაფა მაცხოვარს. წმიდა ანდრიამ სიყრმიდანვე შეიყვარა უფალი და უფალთან
შეხვედრის შემდეგ მისი უახლოესი მოწაფე გახდა.
მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულებმა წილი ყარეს,
ვინ რომელ ქალაქში წავიდოდა ქრისტიანობის საქადაგებლად. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ივერია
(საქართველო) ხვდა წილად, მაგრამ რადგან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიცვალების ჟამი
მოახლოებული იყო, ძე ღვთისამ უბრძანა, იერუსალიმში დარჩენილიყო, საქართველოში კი ანდრია
პირველწოდებული გაეგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატით. ყოვლადწმიდა ქალწულმა მოუწოდა
წმიდანს და ღვთის ნება აუწყა. შემდეგ მოითხოვა ფიცარი, „დაიბანა პირი და დაიდვა პირსა
ზედა თვისსა“. ფიცარზე ღვთისმშობელი გამოისახა ყრმა იესოთი. ზეციურმა დედოფალმა სიწმინდე
წმიდა ანდრიას გადასცა და დიდ ღვაწლს შემდგარი მოციქული აკურთხა.
წმიდა ანდრიამ გაიარა საბერძნეთი, მცირე აზია, შემდეგ
შავი ზღვისპირეთს მიაშურა და შემოვიდა დიდაჭარაში.
სოფელ დიდაჭარაში დღემდეა შემორჩენილი ტაძრის ნანგრევები,
რომელიც გადმოცემის მიხედვით წმიდა ანდრია პირველწოდებულს აუგია.
წმიდა მოციქულს მრავალი ტანჯვა და განსაცდელი დაატყდა
თავს ურწმუნოთაგან, მაგრამ ღვთისა და პატიოსანი ხატის მეოხებით, ყველაფერი მადლობით
დაითმინა და მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე.
იმ ადგილას, სადაც წმიდა ანდრიამ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის
ხატი დააბრძანა „ფრიად შუენიერი და დიდი“ წყარო აღმოცენდა. ამ სასწაულმა მრავალ წარმართს
გაუნათა გონება და შეუდგნენ ქრისტეს მაცხოვნებელ სწავლებას. წმიდა ანდრია პირველწოდებულმა
ახლადმოქცეულ ქრისტიანებს დაუდგინა მღვდლები და დიაკვნები, აუშენა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის
სახელობის ტაძარი, სადაც ფიცარზე ზეციური დედოფლის ნაბოძები ხატიდან სასწაულებრივად
გადასული ასლი დააბრძანა.
ამის შემდეგ უფლის რჩეულმა ფერსათის მთა გადაიარა, სადაც
ჯვარი აღმართა. სწორედ ამიტომ ამ მთას „რკინის ჯვარი“ ეწოდება. მოციქული შემდგომ სოფელ
აწყურში მივიდა. სოფელ აწყურს ძველად სოსანგეთი ერქვა. ამ პერიოდში ამ მხარის გამგებელი
იყო ქვრივი სამძივარი, რომელსაც ერთადერთი ვაჟი ჰყავდა. სწორედ ამ დროს მას შვილი გარდაცვლოდა.
ქვრივმა შეიტყო წმიდა ანდრია მოციქულის შესახებ, რომელიც
უცნობ ღმერთზე ლოცულობდა და თავისთან იხმო. წმიდა ანდრიამ ილოცა და მისი ლოცვით უფალმა
ქვრივის გარდაცვლილი ძე მკვდრეთით აღადგინა.
ხალხი ორად გაიყო; ერთი ნაწილი აღიარებდა უფალ იესო ქრისტეს, რომელმაც ასეთი სასწაული
აღასრულა, მეორე ნაწილი კი ცრუ ღმერთების ერთგული რჩებოდა. ცილობა
რომ ჩაეცხროთ,
გადაწყვიტეს საკერპოში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი შეებრძანებინათ, შემდეგ კი კარი
ჩაერაზათ. მაცხოვრის მსასოებლებს - ქრისტეს მიმართ, კერპთმსახურებს კი - თავიანთი ღმერთების
მიმართ უნდა ელოცათ. ჩაკეტილ ტაძართან მცველები დააყენეს. დილით, როდესაც კარი გააღეს
ყველამ იხილა საკერპოში დამსხვრეული კერპები, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი კი მზესავით
ბრწყინავდა დიდებითა და პატივით. წმიდა ანდრია მოციქულმა აწყურში მოაწყო ეკლესია და
მცირე ეკვდერში ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი დაასვენა. ამის შემდეგ წმიდა მოციქული
ახლადმოქცეულ სამწყსოს განეშორა და გზა განაგრძო: იყო კლარჯეთში, არტაანკოლაში, პართეთში,
სომხეთში, შემდეგ კი იერუსალიმში წავიდა.
იერუსალიმიდან
იგი, ქრისტეს სხვა მოციქულებთან - სვიმეონ კანანელთან და მატათასთან ერთად კვლავ საქართველოში
დაბრუნდა. ისინი შევიდნენ ქართლში, სვანეთში, სამეგრელოში და განამტკიცეს ქრისტიანობა.
შემდეგ წმიდა მოციქულები სვიმეონი და ანდრია აფხაზეთში ჩავიდნენ. წმიდა სვიმეონ კანანელი
აფხაზეთში მოწამეობრივად აღესრულა.
უკანასკნელად,
წმიდა ანდრია მოციქულმა საბერძნეთის ქალაქ პატრაში იქადაგა. წმიდანის ლოცვით ამ ქალაქში
უამრავი ადამიანი გაქრისტიანდა. ურწმუნო ხელისუფალმა კი მისი ჯვარზე გაკვრა ბრძანა.
წმიდანი სიხარულით
შეხვდა განაჩენს და თავისით ავიდა ჯვარზე. იმისთვის, რომ ანდრია მოციქულის ტანჯვა გაეხანგრძივებინათ,
ხელისუფალმა ბრძანა ჯვარზე კი არ მიელურსმათ, არამედ დაეკიდათ იგი.
მოციქული X ფორმის
ჯვარზე გააკრეს. ჯვარზე მიკრულმა წმიდა ანდრიამ
ორი დღე იქადაგა ირგვლივ შეკრებილთა წინაშე. ბოლოს ხალხმა მოითხოვა ჯვრიდან ჩამოეხსნათ
მოციქული. მბრძანებელმა მისი გათავისუფლების განკარგულება გასცა. მაგრამ წმიდა ანდრიამ
გულმხურვალედ ილოცა და შესთხოვა უფალს ჯვარზე აღსრულების ღირსი გაეხადა. მას სურდა
თავი გაეწირა ქრისტესათვის. ჯვარზე გაკრულმა წმიდანმა სული უფალს მიაბარა.
ქალაქის მმართველის
ცოლს შეეცოდა წმიდა მოციქული, მისი ცხედარი ჯვრიდან ჩამოხსნა და პატივით მიაბარა მიწას.
წმიდანის სული კი უფალმა ცაში მიიღო და უჭკნობი გვირგვინით დააჯილდოვა.
წმიდა ანდრია
მოციქულის ხსენება წელიწადში ორჯერ, 13 დეკემბერსა და 12 მაისს აღინიშნება.
წმიდა მოციქულთასწორი ნინო
წმიდა მოციქულთასწორი ნინო საქართველოს ეროვნული მუზეუმი |
წმიდა ნინო კაბადოკიიდან
იყო. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ და შვილიც უფლის სიყვარულით, რწმენით
და ლოცვით აღზარდეს. როდესან წმიდა ნინო 12 წლის გახდა, მისმა მშობლებმა გადაწყვიტეს
თავი უფლისთვის მიეძღვნათ. მათ ყველაფერი გაყიდეს, შემდეგ ასულთან ერთად იერუსალიმში
გაემგზავრენ და მთელი ქონება გლახაკებს დაურიგეს. წმიდა ნინოს მამამ - ზაბულონმა პატრიარქისგან
კურთხევა ითხოვა, ცოლ-შვილს გამოემშვიდობა და უდაბნოს განდეგილური ცხოვრების დასაწყებად
გაეშურა. დედამ - სოსანამ კი უძლურთა მსახურება დაიწყო და ასეთ ღვაწლში გარდაიცვალა.
იერუსალიმის პატრიარქი
იუბენალი, რომელიც წმიდა ნინოს ბიძა იყო, ბავშვი თავისთან წაიყვანა. პატრიარქმა სწავლის
დასასრულებლად თავისი დისწული ერთ განათლებულ და ღვთისმოშიშ ქალა მიაბარა. იგი წმიდა
ნინოს ასწავლიდა მაცხოვრის ამქვეყნად მოსვლის, მისი შობის, ნათლისღების, სასწაულების,
ჯვარცმის, აღდგომის და დიდებით ზეცაში ამაღლების შესახებ. მან ისიც უთხრა წმიდანს,
რომ მაცხოვრის კვართი მცხეთაში ინახებოდა, სადაც ქართველები ჯერ კიდევ კერპებს სცემდნენ
თაყვანს.
წმიდა ნინომ ეს
რომ გაიგო, თავის სენაკში განმარტოვდა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინ განუწყვეტლივ
ლოცულობდა.
წმიდა ნინოს ვაზის ჯვარი, სიონის ტაძარი |
წმიდა ნინოს ძალიან
შეეშინდა და უთხრა: „დედოფალო, როგორ შემიძლია მე, უმწეოსა და გაუნათლებელ ქალს, ამ
საქმის აღსრულება?“
მაშინ ყოვლადწმიდა
ღვთისმშობელმა გაამხნევა წმიდა ქალწული და ხელში ვაზის ჯვარი მისცა: „ეს იქნება შენი
მცველი და ამით დასძლევ ყველა წინააღმდეგობას. წარემართე ქადაგებად და მე არ მიგატოვებ.“
გაღვიძებულმა
წმიდა ნინომ ნახა, რომ ვაზის ჯვარი ჰქონდა ხელში. გაკვირვებულმა ყველაფერი პატრიარქს
უამბო და ორივემ მადლობა შესწირა უფალსა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს.
წმიდა ნინოს ბარელიეფი ოშკის ტაძარი, ტაო-კლარჯეთი |
სულ მალე წმიდანმა
პატრიარქისგან ლოცვა-კურთხევა აიღო და საქართველოსკენ გამოემართა. გზაში უამრავი დაბრკოლება
შეხვდა წმიდა ქალწულს. სომხეთში მოსული წმიდანი უფლის ნებით გადაურჩა სიკვდილს. მარტოდმარტო
განაგრძო კვლავ გზა და სომხეთის საზღვართან მოსულმა დაიზამთრა. მალე დადგა ზაფხულიც.
წმიდა ნინო ჯავახეთის მთებისკენ გაემართა და ფარავნის ტბასთან მივიდა. იგი ამ ადგილას
ორი დღე გაჩერდა, მეთევზეებისგან მიიღო საზრდელი და უფალს მადლობას სწირავდა. იმავე
ადგილას იყვნენ მწყემსებიც. წმიდა ნინომ მათ ვინაობა და წარმომავლობა ჰკითხა. მწემსებმაც
მოახსენეს, რომ ქალაქ მცხეთიდან იყვნენ. მცხეთის ხსენებამ იმედი ჩაუნერგა წმიდანს,
ირგვლივ მიმოიხედა და დაინახა, რომ ჩრდილოეთით მთები ზაფხულშიც თოვლით იყო დაფარული.
შეძრწუნდა და ილოცა. შემდეგ ერთი ქვა აიღო, თავი დაადო და იქვე მიეძინა.
მძინარე წმიდანს
ნათელი სახის კაცი წარმოუდგა, რომელმაც მაცხოვრისგან ბეჭედდასმული ნაწერი გადასცა და
უბრძანა მცხეთაში ეს ნაწერი მეფისთვის მიეცა. გაღვიძებულმა წმიდა ნინომ ლოცვა აღავლინა
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი და ქართლისკენ გაემართა.
წმიდა ნინოს ფრესკა გერგეტის სამება, ყაზბეგი |
წმიდა ნინოს ამ
უდიდესი ღვაწლის გამო ჩვენი ეკლესია მას მოციქულთასწორს უწოდებს.
წმიდა ნინოს ხსენების
დღეს წელიწადში ორჯერ ავღნიშნავთ, 27 იანვარსა და 1 ივნისს. 1 ივნისს ეკლესია წმიდა
ნინოს საქართველოში შემობრძანების დღეს აღნიშნავს.
ყოველწლიურად, 1 ივნისს ჯავახეთში, ფარავნის ტბასთან, სოფელ ფოკაში წმიდა ნინოს საქართველოში შემოსვლის აღსანიშნავად წირვა ტარდება. წირვის შემდეგ კი მორწმუნეები ფეხით იწყებენ მსვლელობას და გადიან იმ გზას, რომელიც ქართლის გასაქრისტიანებლად შემობრძენებულმა წმიდა ნინომ გაიარა. ამ მსვლელობას წმიდა ნინოს გზასაც უწოდებენ. გზა შეუწყვეტლივ გრძელდება და 12 ივლისს მთავრდება მცხეთაში. მსვლელობის მონაწილეები ხატებითა და ბაირაღებით სამღვდელოებასთან ერთად ჯავახეთისა და შემდეგ ქართლის სოფლებს. ინათლებიან ადამიანები, იკურთხება სოფლები, სახლები. მსვლელობაში ბავშვებიც ღებულობენ მონაწილეობას.